ბირთვულ განიარაღაბეზე აშშ-სთან მოლაპარაკებების ჩაშლის გამო ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯეს. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანს მძიმე სასჯელი დაეკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით სამხრეთკორეული გამოცემა Chosun Ilbo ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მარტში სიკვდილით დასაჯეს მაღალჩინოსანი კიმ ჩონ ჰოლი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი. სწორედ ეს პირები მონაწილეობდნენ ვიეტნამში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებებში.

სამხრეთ კორეული გამოცემის ინფორმაციას არ ადასტურებენ და არც უარყოფენ ჩრდილოეთ კორეაში. სამხრეთ კორეის ხელისუფლება კი ინფორმაციას ვერ ადასტურებს. დასავლურმა მედიასაშუალებებმა აღნიშნული ინფორმაცია Chosun Ilbo-ზე დაყრდნობით გაავრცელეს და აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებლად ვერ შეძლეს.

გამოცემის ინფორმაციით, დააპატიმრეს კიმ იონგ ჩოლი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან მოლაპარაკებებში ჩრდილოეთ კორეას წარმოადგენდა. მას იძულებითი სამუშაო და "იდეოლოგიური გაკვეთილები" მიუსაჯეს.

ამასთანავე დააკავეს კიმ ჩენ ინის თარჯიმანი, რომელიც მას ვიეტნამში სამიტზე ახლდა თან. მას არასწორი თარგმანისთვის ლიდერის ავტორიტეტის შელახვა ედება ბრალად. სამხრეთ კორეული გამოცემა წერს, რომ კიმ ჩენ ინმა დააქვეითა თავისი და, რომელიც აშშ-სთან ორივე მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

27-28 თებერვალს ვიეტნამის ქალაქ ჰანოიში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და აშშ-ს პრეზიდენტის მეორე სამიტი გაიმართა. მოლაპარაკებები დროზე ადრე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეუთანხმებლობის მიზეზი სანქციები გახდა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეამ სანქციების სრულად მოხსნა ითხოვა, რაზეც აშშ-მ უარი თქვა.

თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ სანქციების არა სრულად, არამედ ნაწილობრივ მოხსნას ითხოვდა. მათივე თქმით, ქვეყანას რეალური წინადადება ჰქონდა, რომელიც აშშ-ს დაკვირვების ქვეშ ბირთვული კვლევით ცენტრის განიარაღებას მოიცავდა.

5 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, ახალი სანქციები დაეკისროს.