აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობა ვერ იქნება პრივილეგია ან გარანტია. მისი თქმით, ამავდროულად, აუცილებელია უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვა.

"დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართმსაჯულების აღსრულებას", — განაცხადა მან.

რიჟვაძემ არ უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, იყო თუ არა ინფორმირებული მიმდინარე გამოძიებაზე. მან აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვისკენ.

მაღალჩინოსნების დაკავება აჭარაში

ბათუმის ყოფილი მერი, მოქმედი ვიცე-მერი, მინისტრის მოადგილეები და სხვა მაღალჩინოსნები სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საუბარია 1 370 076 ლარზე.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ სწორედ ეს პირები იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები. გამოძიების მტკიცებთ, ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე ტენდერში მონაწილეობა შესთავაზეს იმ ერთადერთ კომპანიას, რომლის შედგენილი დოკუმენტითაც გამოცხადდა შესაბამისი მომსახურების შესყიდვა.

"ისე რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია", — განმარტა პროკურორმა.

მათივე ინფორმაციით, ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ, კონვენტ ჯორჯიამ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, სატენდერო კომისიამ კი არ იმსჯელა. უწყება განმარტავს, რომ ამავე დოკუმენტაციის გამო კომისიის იმავე შემადგენლობამ აღნიშნულ კომპანიას სხვა ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულმა კომპანიამ საბანკო უზუნველყოფისთვის ისეთი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც არასაბანკო, არააქტიური კომპანიის მიერ იყო გაცემული.

"ყოველივე ზემოხსენებულის წინააღმდეგ, ნაცვლად იმისა, ქ.ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება კონვენტ ჯორჯიასთან, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4 279 990 ლარის ოდენობით", — აღნიშნა აჭარის პროკურორმა.

უწყებაში განმარტეს, რომ კომპანიას უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს 1 626 396 ლარი, საიდანაც მხოლოდ 251 109 ლარის სამუშაოები შესრულდა.