აჭარის მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი და პირველი არხის ჟურნალისტი მერაბ წულუკიძე ამბობს, რომ დირექტორი უნდა იყოს "ტელევიზიის ჰაერით ნასუნთქი ადამიანი". მისი განმარტებით, ვისაც მედიაში არ უმუშავია "ვერ დასვამს დიაგნოზს, რა სჭირს ტელევიზიას და როგორ უნდა უმკურნალო მას".

სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრებაზე წულუკიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ექსპერიმენტების ადგილი. მისი თქმით, ქვეყანაში პრობლემებს არაპროფესიონალიზმი იწვევს ამიტომ, ჟურნალისტიკა ჟურნალისტებმა უნდა მართონ ისევე, როგორ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

"ადამიანი, რომელსაც რეპორტაჟის გასაკეთებლად ღამეები არ გაუთენებია ვერასდროს ვერ მიხვდება რამდენად ძნელია რეპორტიორის შრომა. ვერასდროს ვერ მიხვდება და ვერ გაითავისებს რამდენად რთული საშუშაოს შესრულება უწევს ოპერატორს. ვერასდროს მიხვდება რამდენად რთულია საეთეროში ჯანმრთელობის ფასად, უზარმაზარ გამოსხივებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იჯდეს რეჟისორი და მართავდეს უწყვეტ ეთერს", — განაცხადა მან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განცხადებების მიღება დასრულდა. სურვილი სულ ცხრა კანდიდატმა გამოთქვა. სამეურვეო საბჭო დღეს 4 მათგანს გაესაუბრა.