ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი ამბობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაში, ისე მის ფარგლებს გარეთ არის ძალები, რომlebic ანაკლიის პორტის პროექტს ებრძვიან. მისივე განმარტებით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა 2 მაისს გაიცა და ამდენი ხნის მანძილზე დაფარული იყო.

"ანაკლია არის ჩვენი მომავლის პროექტი, ჩვენი განვითარების, რეალიზების პროექტი და ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს. ეს არ არის მარტო პორტი. ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით, დერეფნის კუთხით და არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მოკავშირე ქვეყნებისთვის", — განაცხადა ახვლედიანმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განაცხადა, რომ მთავრობამ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა დაუმალა. 2 მაისს გაცემული დოკუმენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს, 30 მაის გააუქმა. თურნავას თქმით, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. მისივე განმარტებით, ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას.