ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომნა გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება სცადა, თუმცა უკან დაიხია. მისივე თქმით, ფოტის ნავსადგურის ნებართვის გაცემის გამო უდანაშაულო ადამიანი გაათავისუფლეს და მან უნდა მოახსენოს რა მოხდა სინამდვილეში.

"წარმოუდგენელია, რომ ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს და ვინმეს მთავრობაში... ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო ამ მექანიზმით გათვალისწინებული. არავითარი პორტი ფოთში არ აშენდებოდა, ანაკლიის პორტი დაწყებულია და ორ წელიწადში დასრულდება თუ მთავრობამ ხელი არ შეუშალა, ხოლო ფოთის ახალი პორტის მშენებლობას დასჭირდებოდა მრავალი წელი, მითუმეტეს ანაკლიის მერე მსგავს პროექტს არავითარი აზრი აღარ აქვს", — აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.

ეკონომიკის სამინისტროს ბრძანება ფოთის მერიამ ფეისბუქით 29 მაისს გაავრცელა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განაცხადა, რომ მთავრობამ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა დაუმალა. 2 მაისს გაცემული დოკუმენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს, 30 მაისგააუქმა. თურნავას თქმით, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. მისივე განმარტებით, ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას.