აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატი დავით ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ მაუწყებელში ყველა გადაცემის ხარისხი "პლინტუსზე დაბლაა". ამის შესახებ მან სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრებაზე განაცხადა.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, ნატა იმედაიშვილის კითხვაზე რომელ გადაცემებს უყურებს, კანდიდატი პასუხობს:

"ყველა გადაცემებს ვუყურე აჭარის, ამ ბოლო დროს".

იმედაიშვილმა მოითხოვა კანდიდატს დაეზუსტებინა, რომელ გადაცემებს უყურებს ხშირად, რაზეც მან უპასუხა:

"გეუბნებით, რომ არცერთი გადაცემა არ ექვემდებარება სტანდარტს".

იმედაიშვილმა მას განუმარტა, რომ არა შეფასებას, არამედ გადაცემების სიას თხოვდა. ჩხარტიშვილმა მხოლოდ ფერმერის საათი დაასახელა და ისაუბრა პრობლემებზე, რომელიც მისი აზრით, ამ გადაცემას აქვს.

ამის შემდეგ მანვე განაცხადა, რომ ტელევიზიას აქვს აუთვისებელი თემები და მათ შორისაა სამხედრო-პატრიოტული თემატიკა. იმედაიშვილმა მას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ნანახი გადაცემა ვემსახურები საქართველოს, რაზეც ჩხარტიშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განცხადებების მიღება დასრულდა. სურვილი სულ ცხრა კანდიდატმა გამოთქვა.

ამავე თემაზე: