ბანგლადეშში 19 წლის გოგოს, ნუსრატ ჯაჰან რაფის ცოცხლად დაწვისთვის ბრალი 16 პირს წაუყენეს. გოგომ თავისი სკოლის დირექტორის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა . ბრალდებულებს შესაძლოა სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ.

საქმეში ბრალდებულები არიან როგორც უშუალოდ მკვლელობის სავარაუდო მონაწილეები, ასევე, მის დაგეგმვაში მონაწილეები. როგორც ცნობილია, დანაშაული აღიარა 12-მა პირმა, მათ შორის სკოლის დირექტორმა, რომელმაც მკვლელობა დაგეგმა.

27 მარტს ნასრამ განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა ოფისში დაიბარა და სექსუალურად შეავიწროვა, მან კი გაქცევა მოახერხა. 19 წლის გოგომ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციაში საჩივარი შეიტანა და დაცვა ითხოვა. პოლიციის ოფიცერმა, რომელმაც ის გამოკითხა, თავისი მობილურით ვიდეო გადაუღო. მოგვიანებით, ეს ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გოგო შეშინებულია და ხელებით სახის დამალვას ცდილობს. პოლიციის ოფიცერი კი ეუბნება, რომ "დიდი საქმე არ არის" და სახიდან ხელების ჩამოღებას სთხოვს. 27 მარტს, მას შემდეგ რაც გოგომ სექსუალურ შევიწროებაზე განაცხადა, სკოლის დირექტორი დააკავეს.

6 აპრილს ნასრა ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად სკოლაში მივიდა. მას სკოლის ეზოში ორმა მოსწავლემ სთხოვა, მეგობრის დასახმარებლად სახურავზე გაჰყოლოდა. სახურავზე მას ხუთი ადამიანი დახვდა, რომლებმაც ნასრას საჩივრის გამოტანა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

ნასრა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის 80 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, რის შედეგადაც ის 10 აპრილს გარდაიცვალა. მოსახლეობამ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართა. პოლიციამ ამ საქმეზე 15 პირი დააკავა, მათგან ორი ნასრას სკოლის მოსწავლე.