ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მთავრობამ არაფერი შეატყობინა და ამის შესახებ მედიიდან გაიგეს. მათივე თქმით, ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ 2 მაისს ეიპიემ ტერმინალსის შვილობილი კომპანიის, სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის სასარგებლოდ გასცა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა", — აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

მათივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ფაქტის "დამალვასთან" დაკავშირებით მწვავე შეფასებები უკვე გამოთქვეს:

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება".

ეიპიემ ტერმინალსმა ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებაზე 29 მაისს განაცხადა. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური) ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას. ნავმისადგომი აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკითა და მოწყობილობებით, როგორიცაა გემი — ნაპირის (STS) ტიპის ამწეები.

პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია 14,5 მეტრის სიღრმის და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობა, გამოყოფილია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეორნეობებისთვის და ნაყარი ტვირთების — ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის.

"ახალ ნაყარი ტვირთის სატვირთო პორტში შესაძლებელი იქნება გადატვირთვა 60 000 ტონამდე საქონლის პარტიების/გემების, რაც ქმნის ახალ დაბალ-დანახაჯებიან შესაძლებლობას საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ტვირთების მფლობელებისთვის.“", — განაცხადა ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლაურსენმა.