მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რთული პერიოდი ახლოვდება. გამოცდები, გამოცდები და ისევ გამოცდები. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სწავლის პროცესს ნაკლებად დამღლელსა და უფრო სასიამოვნოს გახდის, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რომ მეცადინეობა სასიამოვნო იყოს.

1. კონცენტრირდით ერთ დავალებაზე

ჩვენი ტვინის შესაძლებლობები შთამბეჭდავია, თუმცა მას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. ტვინს ერთდროულად მრავალ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა არ შეუძლია. იმისათვის, რომ ეფექტურები ვიყოთ უმჯობესია, რომ ჩვენი ყურადღება ერთ, უკიდურეს შემთხვევაში კი ორ დავალებაზე მივმართოთ.

2. ძილი, ძილი, ძილი

სწავლა ადვილი არ არის, ახალი ინფორმაციის მისაღებად კი აუცილებელია, რომ საკითხზე კონცენტრირება შეგვეძლოს. თუ ღამით კარგად გამოიძინებთ, მომდევნო დღეს თავს უფრო ცოცხლად და სხარტად იგრძნობთ.

ძილი ასევე დიდ როლს თამაშობს მეხსიერებაშიც. ძილის დროს დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის დამუშავება და დახარისხება ხდება. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ცხოველებს კონკრეტული ქცევა ასწავლეს და ამ დროს აღმოცენებული ნერვული აქტივობა ჩაიწერეს, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ძილის დროს ტვინში იგივენაირი აქტივობები წარმოიშვებოდა. ამ დროს ნეირონებს შორის არსებული კავშირები მყარდება და ძლიერდება.

3. მოუწყვეთ საკუთარ თავს გამოცდები

როგორც ირკვევა, ჩვენ ბევრად უფრო ადვილად ვსწავლობთ, როდესაც საკუთარ თავს გამოცდებს ვუწყობთ. კვლევები აჩვენებს, ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთი და იგივე მასალის უსასრულოდ გამეორება.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა მექანიზმების საშუალებით მოქმედებს ეს პროცესი, თუმცა მისი ეფექტურობა მრავალჯერაა დადასტურებული.

4. გადაანაწილეთ დრო

შესაძლოა, უმეტესობა ჩვენგანი მეცადინეობას გამოცდამდე ერთი დღით ადრე იწყებს, თუმცა გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ ეს საშინელი თვისებაა.

სასწავლი მასალის დღეებზე, კვირებზე ან თუნდაც თვეებზე გადანაწილება ბევრად უფრო ეფექტური მეთოდია, ვიდრე რამდენიმე დღეში მთელი სემესტრის მასალის სწავლა.

შესაძლოა, ეს არ მოგვწონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ტვინს ინფორმაციის დასამახსოვრებლად დრო სჭირდება.

5. გამოიყენეთ დასამახსოვრებელი ხრიკები

ეს მეთოდი, რომელსაც მნემონიკა ეწოდება, შესაძლოა, ბავშვობიდან კარგად გახსოვდეთ. თუ თქვენ რთულად დასამახსოვრბელ სიას თქვენთვის კარგად ნაცნობ შესატყვისებს მოუფიქრებთ, ამ სიის დამახსოვრება ერთიორად გაგიადვილდებათ.

კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც ჭარბი ინფორმაციის დასამახსოვრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ე.წ. მეხსიერების სასტუმროა. მეხსიერების სასტუმრო ადგილია, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, თქვენი სახლი, ან გზა, რომელსაც ყოველდღიურად გადიხართ. თქვენ ამ სივრცეს იმ ობიექტებით ავსებთ, რომლების დამახსოვრებაც გსურთ, შემდეგ კი, როდესაც ამ გზაზე ვირტუალურად გაივლით, თქვენს ტვინში ყველა ეს ობიექტი თავისით ამოტივტივდება.