თბილისში 40 მწვანე ავტობუსის შემოყვანა დაგვიანდა. ამ მიზეზით გადაიდო ზონალური პარკინგის ამოქმედების დროც.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თეგეტა თრაქ ენდ ბასთან ხელშეკრულება 2018 წლის 3 აგვისტოს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, 90-ვე ავტობუსი ცხრა თვეში, 2019 წლის 3 მაისამდე უნდა შემოსულიყო.

სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ კომპანია, რომელსაც ვადაგადაცილებით შემოჰყავს ავტობუსები დაჯარიმდება. კომპანიაში განმარტეს, რომ ჯარიმა მას შემდეგ დაეკისრება, რაც ყველა ავტობუსი თბილისში იქნება.

ხელშეკრულების მიხედვით, ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოსაყვანი ავტობუსების ღირებულების 0,2 პროცენტია. 40 ავტობუსზე დღიურად ჯარიმა 40 ათასი ლარია.