საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება. შეთანხმება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, გიორგი ჩოგოვაძისა და Uzbekistan Airways-ის წარმომადგენლების შეხვედრისას შედგა.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პირდაპირ ავიარეისებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანია შეასრულებს. პირველი ფრენა ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით 16 ივლისს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, უზბეკეთის ავიახაზები თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებენ.

ავიაკომპანია Uzbekistan Airways ფრენებს მსოფლიოს 58 მიმართულებით ასრულებს. მისი ავიაპარკი ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდისგან შედგება.