ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის ათ საუკეთესო მომღერალს შორის დაასახელეს.

Opera Wire-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ის შემსრულებლები მოხვდნენ, ვინც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე 2018-2019 წლების სეზონზე გამოდიოდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სწორედ ეს სეზონი რაჭველიშვილის კარიერაში საუკეთესო იყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რაჭველიშვილი უცხოური გამოცემებისა თუ პრესტიჟული დაჯილდოებების ყურადღების ცენტრში ხვდება.

ჯერ კიდევ იანვარში, ქართველი მეცო-სოპრანოს სადებიუტო ალბომი Anita, რომელიც 2018 წლის გაზაფხულს გამოვიდა, Opera Awards-ის საუკეთესო სოლო ალბომების ნომინაციაში მოხვდა.

გარდა ამისა, რაჭველიშვილმა პარიზის ოპერაში დალილას როლის შესრულებისთვის, Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გაიმარჯვა, The New York Times-მა კი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

Opera Wire გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ანიტამ, საოპერო სეზონის განმავლობაში ერთმანეთზე უკეთესი, სამი განუმეორებელი როლი შექმნა და ყოველი მათგანი მომღერლის საშემსრულებლო ხელოვნებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა.