საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ახალ პრეზიდენტზე საუბრისას თქვა რომ ზელენსკის მის მიმართ სიმპათიები ყოველთვის ჰქონდა. უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაზე და სამომავლო გეგმებზე სააკაშვილმა რუსთავი 2-ზე, გადაცემა არჩევანში ისაუბრა:

"როცა ის [ვოლოდიმირ ზელენსკი] ფილმს აკეთებდა, თავის სცენარისტს უთხრა და მე ეს ვიცი სცენარისტებისგან, რომ გადაწერეთ მთელი ეპიზოდები სააკაშვილისგან. ეს ფაქტია. ის გვაკვირდებოდა მთელი ეს წლები და მრავალი წელი ემზადებოდა პრეზიდენტობისთვის".

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში, დღეს, 29 მაისს ჩავა. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება მას საქართველოსთან კიდევ უფრო დააახლოვებს.