შეიქმნა პეტიცია, რომელიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. პეტიციის ადრესატი საქართველოს პარლამენტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

პეტიციის ავტორსა და ხელმომწერებს არასწორად მიაჩნიათ "შეუსაბამო" და "ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები" აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს.

პეტიციაში ნათქვამია, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

"ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში აღიარეს იმ საზღვრებით, რომელიც ორივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სსრკ-ის შემადგენლობაში არსებობისას ჰქონდა და ამ საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება არანაირი თვალსაზრისით არ არის გამართლებული. მომხრენი ვართ, დავაცხროთ ვნებები და ვითარება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, საიდანაც ის ზოგიერთი ოფიციალური და კერძო პირის განცხადებებმა გამოიყვანა", — ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორი ულოცავს აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს და წერს, რომ "ჩვენი კულტურული იდენტობა წარმოუდგენელია დავით გარეჯის გარეშე. ასევე წარმოუდგენელი და მიუღებელია ურთიერთობათა წახდენა მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან".

პეტიციის ავტორი ჟურნალისტი დავით პაიჭაძე.

დავითგარეჯში, ჩიჩხიტურთან საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მართავენ აქციას "გარეჯი საქართველოა, კავკასია ჩვენი სახლია". ადგილზე იმყოფებიან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. კომპლექსის ირგვლივ განვიტარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც. მან თქვა, რომ "აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას".

რა ხდება დავით გარეჯში

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა. 23 მაისს ადგილობრივმა, გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაჰყავს. ორი დღის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე სამუშაოებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აწარმოებდა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა აზერბაიჯანულ მხარესთან 23-24 მაისს გაიმართა. ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან — აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან შეუთანხმებელი მონაკვეთები ადგილზე ერთად დაათვალიერონ. გარდა ამისა, ისინი აპირებენ, რომ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტები და კარტოგრაფიული მასალები შეისწავლონ.