შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას. უწყების ინფორმაციით, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და არსებული ვითარების მონიტორინგს ატარებენ.

"არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს", — განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ.

რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავით გარეჯში დღეს დაგეგმილ აქციას, კუპატაძის განცხადებით, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები უსაფრთხოების დაცვით ავლენ.

"რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ეტაპობრივად მოვახდინოთ ამ ხალხის აყვანა. რამოდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა", — განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

დღეს, 28 მაისს დავით გარეჯთან ასეულობით მოქალაქე კიდევ ერთხელ შეიკრიბა. სასულიერო პირებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა გარეჯთან მსვლელობა გამართეს. ისინი აღდგომის ტაძართან შეკრებას, შემდეგ კი ჩიჩხატურის კოშკამდე ცოცხალი ჯაჭვის გავლებას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება. შეკრებილებმა ტერიტორიაზე სიმბოლურად საქართველოს დროშა აღმართეს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა აზერბაიჯანულ მხარესთან 23-24 მაისს გაიმართა. ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან — აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან შეუთანხმებელი მონაკვეთები ადგილზე ერთად დაათვალიერონ. გარდა ამისა, ისინი აპირებენ, რომ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტები და კარტოგრაფიული მასალები შეისწავლონ.