დავით გარეჯთან ასეულობით მოქალაქე კიდევ ერთხელ შეიკრიბა. სასულიერო პირებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა გარეჯთან მსვლელობა გამართეს.

ისინი აღდგომის ტაძართან შეკრებას, შემდეგ კი ჩიჩხატურის კოშკამდე ცოცხალი ჯაჭვის გავლებას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება. შეკრებილებმა ტერიტორიაზე სიმბოლურად საქართველოს დროშა აღმართეს.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა. 23 მაისს ადგილობრივმა, გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაჰყავს. პარალელურად, 23-24 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართებოდა ბაქო.

ორი დღის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე სამუშაოებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აწარმოებდა. გარდა ამისა, უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან ერთად ადგილზე დაათვალიერონ შეუთანხმებელი მონაკვეთები.