საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას. პატრიარქის სახელით განცხადება საქართველოს საპატრიარქომ დღეს, 27 მაისს გავრცელა. მისი აზრით, "სხვა ძალა" თავისი მიზნის განსახორციელებლად დასაყრდენს პოულობს, როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში.

"მაგრამ პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ", — წერს ილია მეორე და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაშიც ეკლესია ჯერ არ ჩართულა.

"როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს", — ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქი ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ აუცილებელია მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა:

"განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს. ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს".

განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.

ხვალ, 28 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან საქართველოს მოქალაქეების აქციაა დაგეგმილი. პარალელურად, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას, აზერბაიჯანელი სტუდენტები აპირებენ დავით გარეჯში მისვლას.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვრის დაცვის სამსახურმა, ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია დაიწყო. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეიზღუდა.

გაიგეთ მეტი: