დღეს, 27 მაისს ჭიათურაში კომპრომისი შედგა მაღაროელებსა და კომპანიას შორის. აქციის მონაწილეები, მოშიმშილე მუშები ტოვებენ ტერიტორიას. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც ადგილზე იყო მოლაპარაკებებში ჩართული, თქვა, რომ მაღაროელებს 25 პროცენტით მოემატებათ ხელფასები პირველი ივნისიდან, ხოლო წლის განმავლობაში კიდევ 10 პროცენტით. მინისტრის განცხადებით, ასევე შეთანხმდნენ შრომის უსაფრთხოებისა და გადაიარაღების საკითხებზეც.

"შეთანხმების თანახმად, ხვალიდან დაუბრუნდებიან მაღაროელები სამუშაოს. გამონაკლისი დაიშვება მოშიმშილეებზე, რომლებიც დაუძლურებულები არიან და მიეცემათ შვებულება", — განაცხადა ნათია თურნავამ.

ერთ-ერთმა მაღაროელმა, აჩიკო ჭუმბურიძემ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მათი ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია, მათ შორის, შეასრულეს ხელფასის ზრდის მოთხოვნაც. მისი თქმით, სამსახურში გასვლისა თუ განაცდურის ანაზღაურების საკითხი მოგვიანებით გაირკვევა. მაღაროელმა თქვა, რომ აქცია შეწყვეტილია:

"შეგვპირდნენ, ახალი ტრაქტორები მოდისო და პრობლემა აღარ იქნებაო. მენეჯმენტიც შეიცვლება. ერთმა უკვე დაწერა განცხადება წასვლაზე და სხვებიც სხვაგან გადადიან. ჩვენი ძირითადი პრობლემა რაც იყო, რომ ეს ვამპირები მოგვეშორებინა, შესრულდა და ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ბრძოლისთვის".

შეთანხმებამდე რამდნეიმე საათით ადრე ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.

მაღაროელები 11 დღე შიმშილობდნენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა გუშინ, 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა. კომპანიამ გაფიცულებს პირველ ეტაპზე 15-პროცენტიანი და შემდეგ 10-პროცენტით ხელფასების ზრდა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. მაღაროელები პირველ ეტაპზე ხელფასის 30-პროცენტიან ზრდას, შემდეგ კი 20-პროცენტიანს ითხოვდნენ.