კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 23 სექტემბერს, წნორში, თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, თამაზ მათეშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა, უცენზურო სიტყვებით მიმართა და სახეში დაარტყა.

ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა. პოლიციაში გელა მთივლიშვილს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კოალიციის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ თამაზ მათეშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ბოდიში მოუხადა ჟურნალისტსა და საზოგადოებას, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევის ფაქტი არ დარჩეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების გარეშე:

"აუცილებელია დაწყებული გამოძიება წარიმართოს სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს ყველა პრეცენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისაგან".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
  • რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია:
  • მედიაკლუბი;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოებისათვის;
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.