საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ამბობს, რომ არასდროს უნახავს ისეთი უპასუხისმგებლობა, როგორიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ფონდის მიმართ გამოავლინა. ამის შესახებ, მან პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე განაცხადა.

"მე არ მიყვარს წასულ ადამიანებზე საუბარი, მაგრამ რადგან ამ კონტექსტში ითქვა და კითხვებიც დამისვით მინდა გითხრათ... სადღაც 9 თვე იყო ბატონი გიორგი თუ არ ვცდები, ნუ, დაახლოებით. არცერთხელ, სამწუხაროდ, ის ფონდში არ ყოფილა მიუხედვად ჩემი ბევრი თხოვნისა. იმიტომ, რომ, როგორც წესი, ეკონომიკის სამინისტროა პირველი ვინც ჩვენ გვკურირებს და არიან ბორდის წევრები. არცერთხელ არ ყოფილა ეკონომიკის სამინისტროში საპატრნიორო ფონდის საკითხები განხილული, მიუხედავად ჩემი თხოვნისა. წერილები შემიძლიათ განახოთ", — განაცხადა საგანელიძემ

მისი თქმით, ქობულია საპარტნიორო ფონდის მმართველი ბორდის მხოლოდ 3 ან 4 სხდომას დაესწრო და აქედან 2 მალევე დატოვა სხვა საქმეების გამო. თუმცა, მისი თქმით, ფონდის პრობლემები და პრეტენზიები მოისმინა და რეაგირება არ ჰქონია.

სწორედ ამ ტრიბუნიდან გააკრიტიკა რამდენიმე კვირის წინ თავად გიორგი ქობულიამ საპარტნიორო ფონდი. მან აღნიშნა, რომ ფონდის მუშაობა არაეფექტურია და სახელმწიფო კომპანიები კორუფციის ბუდეა.

საპარტნიორო ფონდმა 2017 წელს 441 მილიონზე მეტი ზარალით დაასრულა. მაშინ, როცა ამ წელს ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ თანამდებობრივ სარგოდ 300 ათას ლარამდე აიღო (თვეში 24 500 ლარი). ფისკალური რისკების ანალიზში ვკითხულობთ, რომ უარყოფითი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი საქართველოს რკინგზის 354 მილიონიანი ზარალია. სულ სახელმწიფო 68 კომპანიამ 2017 წელი 562,937 მლნ ლარის ოდენობის ზარალით დაასრულა.