ბათუმის საკრებულოს წევრი, ომარ მახარაძე, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს ცნობით, მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების რიგებს ტოვებს.

"იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა", — თქვა მან.

დეპუტატი პარალელურად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ მას სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს.

სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში გამოცემა ბათუმელებთან დაადანაშაულა. გამოცემის ცნობით, სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. თუმცა, მოგვიანებით მუხლი დამძიმდა და გამოძიება 139-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: