ბრექსიტის მომხრე ახალი პარტია ნაიჯელ ფარელის ლიდერობით ევროპარლამენტის არჩევნებში იმარჯვებს. წინასწარი მონაცემებით, ბრიტანეთისთვის გამოყოფილი 64 ადგილიდან ფარელის პარტია 29-ს დაიკავებს. ფარელის პარტიამ 31,6 პროცენტი მოიპოვა, დანარჩენმა პარტიებმა, რომლებიც ბრექსიტის გაუქმებასა და მეორე რეფერენდუმს ითხოვენ ჯამში 40 პროცენტი მიიღეს.

ლიბერალ-დემოკრატები ევროპარლამენტში 15 ადგილს დაიკავებენ, ლეიბორისტები — 10-ს, მწვანეები — 7-ს, ხოლო მმართველი კონსერვატიული პარტია 4 ადგილს დაიკავებს. ორმა წამყვანმა პარტიამ, ლეიბორისტებმა და კონსერვატორებმა 2014 წლის არჩევნების შემდეგ ბევრად ნაკლები ხმა მიიღეს.

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის მარტში უნდა დაეტოვებინა, შესაბამისად ევროპარლამენტის არჩევნებშიც არ უნდა მიეღო მონაწილეობა. მაგრამ იმის გამო, რომ პროცესი გაიწელა, დიდ ბრიტანეთს არჩევნებში მონაწილეობა მოუწია. ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი 31 ოქტომბრამდე რჩება, თუმცა შეუძლია ალიანსი უფრო ადრე დატოვოს, თუ პარლამენტი სამჯერ უარყოფილ გეგმას მიიღებს.

ევროპარლამენტში 751 ადგილია, მაგრამ ბრექსიტის შემდეგ იგი 705-მდე შემცირდება. გამარჯვებული კანდიდატებისგან ევროპარლამენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაკომპლექტდება. არჩევნები 23 მაისს დაიწყო და 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. არჩევნებში 400 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ადგილი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიამ მოიპოვა. მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია ყველაზე დიდ გაერთიანებად (176) რჩება და მოსალოდნელია, მისი პრო-ევროპულ კოალიციად ჩამოყალიბება. სულ მცირე 376 ადგილია საჭირო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ანალიტიკოსების აზრით, ისინი სოციალ-დემოკრატებთან (150), ლიბერალებთან და მწვანეებთან (68) გაერთიანდებიან.

არჩევნები ლიბერალებისა და მწვანეების სასარგებლოდაც წარიმართა, მაშინ როდესაც ევროსკეპტიკოსმა ნაციონალისტებმა იტალიასა და საფრანგეთში გაიმარჯვეს, სადაც მარინ ლე პენის ულტრა მემარჯვენე პარტიამ პრეზიდენტ მაკრონის პრო-ევროპულ პარტიას გაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.