სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ იცის ვინ დაარწმუნა მაჩალიკაშვილების ოჯახი იმაში, რომ თემირლანის სიკვდილი მისი ბრალია. მისი მტკიცებით, მედიკო მაჩალიკაშვილს ის სპეცოპერაციის ღამეს არ უნახავს და ამაში გარეშე პირებმა დააჯერეს.

გოგაშვილმა უარი თქვა ამ პირების დასახელებაზე და განაცხადა, რომ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის. მანვე აღნიშნა, რომ არ სურს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაჭერა და სურს დააჯეროს, რომ თვითონ დამნასავე არ არის.

"მოვა დრო და მე ამას ვიტყვი. ჯერ ოღონდ გამოძიებას მინდა მივცე ჩვენება იმ ადამიანებზე, ვისზეც მაქვს მე ინფორმაცია, რომ მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავდათ მედიკოც და ვახაც", — განაცხადა გოგაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

მანამდე ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ პანკისის სპეცოპერაცია იმ ტიპის ღონისძიება არ იყო, სადაც მაღალი თანამდებობის პირები დადიან. მისივე თქმით, არც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა და მაჩალიკაშვილებთან პირადი ან სატელეფონო კომუნიკაცია არცერთხელ არ ჰქონია.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამტკიცებდნენ, რომ იოსებ გოგაშვილი სპეცოპერაციის ღამეს მათთან ჩავიდა და ემუქრებოდა.

"თითის ქნევით მითხრა, გახსოვს სალოსზე [ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა] რა მოხდა, გახსოვს მანდ სპეცრაზმელი რომ მოკლესო. სპეცრაზმელი თუ მოკლეს მე ან ჩვენ რა შუაში ვარ-მეთქი, ვკითხე. დამუქრებით მითხრა, თქვენ ძალიან კარგად იცითო", — ამბობდა მედეა მაჩალიკაშვილი.

იოსებ გოგაშვილმა ეს ბრალდება თავიდანვე უარყო და განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ღამეს დუისში არ ჩასულა და სახლში იყო.

2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.