სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამტკიცებს, რომ მისი სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ბრიფინგიდან გაიგო და მანამდე ინფორმაცია არ ჰქონდა. თუმცა, მისი თქმით, მანამდე "გააფრთხილეს და უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა მისი ოჯახის მიმართ".

მანვე აღნიშნა, რომ შეამჩნია სასაფლაოზე უსაფრთხოების ზომების ზრდა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.

მანამდე ინტერპრესნიუსთან მიცემულ ინტერვიუში გოგაშვილი ამბობდა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ლიკვიდაციას გეგმავდა. მანვე აღნიშნა, რომ საკუთარი არხებით დაეხმარებოდა გამოძიებას სიმართლის დადგენაში.

ფარული ჩანაწერი სავარუდო ტერაქტზე

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. უწყება ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აპირებდა.

მოდულის შენობაში დაკითხვაზე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილის, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. უწყებამ მათი საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

მაჩალიკაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ამით მისი ოჯახის განადგურებას ცდილობენ. ის ამბობს, რომ კარავში რჩება, ბრძოლას გააგრძელებს და თუ დამნაშავეა, მზადაა დააკავონ.

"თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა?" — აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ამავე თემაზე: