რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელმა მოსამართლემ, ლადო ჭანტურიამ რუსთავი 2-ს საქმეზე სამოსამართლეო ეთიკა დაარღვია, ამიტომ მის აცილებას მოითხოვს. გვარამიას მტკიცებით, ჭანტურია იუსტიციის სამინისტროდან იღებს დავალებებს და აწვდის მათ ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ.

"რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, შედგა რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამართლო კოლეგიის მიერ. პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს გარკვეული შენიშვნებით. ეს არის ინფორმაცია ჩვენთვის დაზუსტებით ცნობილია და ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან. საკუთრივ იუსტიციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მიიღო ბატონი ჭანტურიას მხრიდან, რაც არის სამოსამართლო ეთიკის უხეში დარღვევა, რაც წარმოადგენს სტრასბურგის განაწესების უხეშ დარღვევას", — განაცხადა გვარამიამ.

როგორც მან განმარტა, ევროპული კონვენციით დადგენილია, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არამარტო დოკუმენტური მტკიცებულება, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიძლება გახდეს. კერძოდ, მისი თქმით, თუ მოსამართლე არ გამოიყურება მიუკერძოებლად, შესაძლებელია მისი აცილების მოთხოვნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge ცდილობს იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რუსთავი 2-ის საქმე

2017 წლის 3 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მეირ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. წინა დღეს, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100 პროცენტი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

დეკემბერში სასამართლომ რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების საქმის დასაშვებობაზე მსჯელობა დაიწყო. სტრასბურგის სასამართლო თითოეულ მომჩივანთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას კითხვებს უსვამდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმეზე საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 28 მარტს წარუდგინა.

გაიგეთ მეტი რუსთავი 2-ის საქმეზე.