ქალთა მოძრაობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სექსუალური შევიწროების საქმეს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს სტუდენტ გოგოებს. ორგანიზაციის განცხადებით, შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ სტუდენტმა, რომელმაც ლექტორი ამხილა უარი თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებაზე. მათი თქმით, იურისტი, რომელიც გოგომ დაიქირავა მოძალადის მხარდამჭერ პოზიციას აჟღერებს.

ქალთა მოძრაობა მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს და გამორიცხოს მოწმეზე ზეწოლის შესაძლო ფაქტები. მათი განმარტებით, ამის საფუძველი ის არის, რომ ბრალდებული არის სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ბათუმის საკრებულოს წევრი და აქვს მოტივი და შესაძლებლობა ზეწოლა მოახდინოს მსხვერპლზე.

"სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად დიდ გამბედაობას მოითხოვს ქალების მხრიდან და ის ფაქტი, რომ სტუდენტები ერთმანეთს მხარში დაუდგნენ მოძალადე ლექტორის სამხილებლად, არის მისასალმებელი და იმედის მომცემი, რომ სექსუალური შევიწროება სტუდენეტების მიმართ შეწყდება", — წერია განცხადებაში.

სექსუალური შევიწროების ბრალდება ლექტორს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგომ ლექტორი ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სტუდენტმა ბათუმელებს მიაწოდა სქრინები, რომლებზეც ჩანდა, რომ ლექტორი მას სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა.

მახარაძემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მას აიქლაუდი გაუტეხეს და ამ შეტყობინებებს თავად არ გზავნიდა. თუმცა, უნივერსიტეტში ჩატარდა დისციპლინური საბჭოს სხდომა, სადაც სხვა სტუდენტებმაც წარადგინეს მტკიცებულებები. საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვედრამ ეჭქვეშ დააყენა ლექტორის პოზიცია. უნივერსიტეტმა მახარაძეს სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა.

ამავრდოულად, მახარაძე ბათუმის საკრებულოს წევრიცაა. ის ასევე სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნების გავლენიანი წევრია ბათუმში. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ ყოველგვარ ძალადობასა და შევიწროებას გმობს. მისი თქმით, გამოძიების შედეგებს დაელოდებიან და ხელს არავის დააფარებენ.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. მოგვიანებით კი მუხლი დამშიმდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით გაგრძელდა, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.