ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების აქციას სოლიდარობის ნიშნად ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათი განცხადებით, აქციაზე 50 პირი ჩავიდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტიც ჩავა.

"აქცია არის სამართლიანი. სრულად ვიზიარებთ მოთხოვნას... არამარტო რაიონები, მთელი საქართველო უნდა დაუდგეს მათ გვერდში... ჩვენ ვიცით რა არის მაღარო, რა არის შახტა, ვიცით ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს", — განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ერთ-ერთმა მეშახტემ.

ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებული მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ. დღეს, აქციის დაწყებიდან მეცხრე დღესაც, ისინი ხელფასის მატებასა და სამუშაო და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.

ფოტო: ნინო ელიკაშვილი

მათი თქმით, მანგანეზი თანახმაა მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილოს, თუმცა არ თანხმდება ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას. გაფიცულები აცხადებენ, რომ სხვა პირობებს არ დათანხმდებიან და პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ.