ბათუმძი ძლიერი ქარის შედეგად მშენებლობიდან რკინის კონსტრუქციები გადმოცვივდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე მომხმარებლებმა გაავრცელეს.

ვიდეოში ჩანს, რომ მშენებლობაზე ერთი ადამიანი იმყოფება. ის მეორე სართულზე კონსტრუქციის ვარდნიდან რამდენიმე წამში გამოდის. ამ დროს შენობიდან მორიგი კონსტრუქცია ვარდება და კედელს ხვდება იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ეს პირი დგას. შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / დიას ჯალაღანია / FB

მეორე მომხმარებლის მიერ სხვა რაკურსით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ კონსტრუქციები გზის სავალ ნაწილზეც ცვივა, სადაც მანქანებია პარკირებული. როგორც მან On.ge-ს განუცხადა შემთხვევა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ორბის მშენებარე კორპუსზე მოხდა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ლილიკო კალანდარიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაზიანდა 2 მსუბუქი ავტომობილი. მათი თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.