მაისი სასიამოვნო ამინდის გარდა, ლიტერატურის მოყვარულებისთვის სხვა მიზეზითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ თვეს, ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება.

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიაში სხვადასხვა გამომცემლობები თავიანთ გამოცემულ წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებებით წარადგენენ. წიგნის ფესტივალისთვის განსაკუთრებით ემზადება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც მრავალფეროვანი სიახლით ეცდება მკითხველისთვის ლიტერატურული დღესასწაულის მოწყობას.

წარმოგიდგენთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ ათ წიგნს, რომელიც წიგნის ფესტივალზე აუცილებლად უნდა შეიძინოთ.

1. ოსტატი და მარგარიტა – მიხაილ ბულგაკოვი

სერიაში "მსოფლიო კლასიკა" თავმოყრილია კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ავტორები და მათი ნაწარმოებები. ფესტივალზე ამ წიგნებს შეემატება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანი - ოსტატი და მარგარიტა.

რომანი, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის სატირა, მისტიკა, რომანტიკა თუ ფილოსოფიური იგავები, ბულგაკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. მასზე ავტორი მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა და რომანმა არაერთხელ იცვალა სახე, სანამ 1966 წელს გამოიცემოდა.

მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
რედაქტორი: ელენე ჩაბრაძე

2. კუნძული – ოლდოს ჰაქსლი

"ლიტერატურული ოდისეა" კიდევ ერთ მოგზაურობას გპირდებათ ლიტერატურის სამყაროში. საფესტივალოდ სერიაში პირველად გამოიცემა გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის, ოლდოს ჰაქსლის რომანი კუნძული. წიგნი მეგზურობას გაგიწევთ წყნარ ოკეანეში, სადაც 120 წლის განმავლობაში დასავლური მეცნიერებისა და აღმოსავლური ფილოსოფიის შერწყმის საფუძველზე იდეალური საზოგადოება ყალიბდებოდა. ყველა თემა, რომლის გარშემოც ტრიალებდა ჰაქსლის შემოქმედება წლების განმავლობაში - მილიტარიზმი, ეკოლოგია, მოსახლეობის მატება, იძულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და სხვა - ამ რომანში - პალას განწირულ უტოპიაში ჰპოვებს გამოხატულებას. წიგნი უხვად არის გაჯერებული აღმოსავლური ფილოსოფიითა და მისტიციზმით, რომლითაც ავტორი იყო გატაცებული.

მთარგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე
რედაქტორი: რუსუდან კოტეტიშვილი

3. შესწორებები – ჯონათან ფრენზენი

თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯონათან ფრენზენის რომანი შესწორებები ტრაგიკომიკური ოჯახური საგაა, რომელშიც მოქმედება ლამბერტების ოჯახის გარშემო ვითარდება. ხანდაზმული ინჟინერი ალფრედ ლამბერტი და მისი მეუღლე ინიდი მარტო ცხოვრობენ, მათ ზრდასრული შვილებს – გარის, ჩიპს და დენიზს კი თავიანთი ცხოვრება აქვთ.

ოჯახის ყოფითი და ემოციური ამბების ფონზე ფრენზენი გვიჩვენებს თანამედროვე ამერიკული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ კულტურულ თუ სოციალურ დაპირისპირებებს და სხვადასხვა რეალობას. წიგნი 11 სექტემბრის ტერაქტამდე 10 დღით ადრე გამოვიდა და ამის გამო ამერიკელების ტრაგედიამდელი ყოველდღიურობისა და ცხოვრების წესის ერთგვარ ილუსტრაციად იქცა.

მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე
რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი

4. ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში – მაქს ფრიში

ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში 1979 წელს გამოქვეყნდა და მაქს ფრიშის ერთ-ერთ შედევრად არის აღიარებული. რომანის მთავარი პერსონაჟი, უამინდობის გამო ტესინის ერთ სოფელში ჩარჩენილი და ცივილიზაციას მოწყვეტილი ბატონი გაიზერი ცდილობს, გადაარჩინოს და მეხსიერებას შემოუნახოს კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა – ბიბლიაში, ლექსიკონებსა და ისტორიის სახელმძღვანელოებში თავმოყრილი მნიშვნელოვანი ცნობები; და, ამავე დროს, ჩაიხედოს საკუთარი ცხოვრების ისტორიაში, თვალი გაუსწოროს სიბერეს, ცნობიერების დაკარგვას, სიკვდილს.

მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი

5. მონტოკი – მაქს ფრიში

1975 წელს გამოცემული ნაწარმოები მონტოკი ლიტერატურის კრიტიკოსებმა მაქს ფრიშის ყველაზე ინტიმურ, ფაქიზ და მოკრძალებულ წიგნად მიიჩნიეს. ამ რომანში მწერალი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალთან ერთად ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მონტოკში გატარებული ერთი შაბათ-კვირის შესახებ. განსხვავებით თავისი სხვა ნაწარმოებებისგან, მაქს ფრიში ცდილობს, უბრალოდ მოჰყვეს ამბავს, ზუსტად ისე, როგორც ეს რეალურად გადახდა თავს.

მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი

6. იავნანა – ლეილა სლიმანი

მირიამი, ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, გადაწყვეტს, პროფესიულ კარიერაზე იზრუნოს და მუშაობა საადვოკატო ბიუროში დაიწყოს. ცოლ-ქმარს ძიძის დაქირავება უწევს. ისინი შეარჩევენ ლუიზს, ორმოციოდე წლის ქვრივს. ის საუკეთესო ძიძაა, რომელიც მირიამსა და მის ქმარს შეიძლებოდა ენატრათ - მშვიდი, თავაზიანი, ერთგული ქალი, რომელიც სახლსაც აწესრიგებს, გვიანობამდეც რჩება და არც ბავშვებისთვის სიმღერა თუ წვეულებების მოწყობა ეზარება. გასაკვირი არ არის, რომ სულ მალე, როგორც ბავშვები, ისე მათი მშობლები ძიძის გარეშე ვეღარ ძლებენ. ამას კი ბოლოს ტრაგედიამდე მივყავართ...

რომანის ავტორი, ლეილა სლიმანი მაროკოული წარმოშობის ფრანგი მწერალი და სამოქალაქო აქტივისტია. იგი რამდენიმე წიგნის ავტორია, ხოლო 2016 წელს გამოცემულმა რომანმა იავნანამ, რომელიც რეალურ ამბავზე დაყრდნობითაა დაწერილი, საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო, გონკურის პრემია დაიმსახურა.

მთარგმნელი: მაია ქაცანაშვილი
რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი

7. ვიტა – მელანია მაცუკო

იტალიელი მწერლის, მელანია მაცუკოს რომანი ვიტა ერთდროულად ოჯახური საგაც არის და კოლექტიური ეპოპეაც. ეს არის სამხრეთ იტალიის უღარიბესი სოფლიდან შიმშილს გაქცეული ცხრა წლის ვიტასა და თორმეტი წლის დიამანტეს თვალით დანახული მეოცე საუკუნის დასაწყისის ემიგრაციის ისტორია. იტალიისა და ამერიკის არქივებში მრავალწლიანი დოკუმენტური კვლევის შედეგად, თავისი ოჯახური ამბიდან აღებული პერსონაჟებით ავტორმა მთელი ქვეყნის ავტობიოგრაფია დაწერა: სასტიკი, გულის ამაჩუყებელი და ღიმილისმომგვრელი, დაუვიწყარი ამბავი სიყვარულზე, დაბრუნებაზე, არ-დავიწყებაზე, არ-დანებებაზე.

მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე
რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი

8. მოკვდი, სიყვარულო – არიანა ჰარვიცი

თანამედროვე არგენტინელი მწერლის არიანა ჰარვიცის რომანი მოკვდი, სიყვარულო ცივილიზებულ სამყაროს მოწყვეტილ, საფრანგეთის პატარა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის სულიერ დრამაზე გვიყვება. ავტორი შეულამაზებლად და ხშირად მეტისმეტი პირდაპირობითაც კი მოგვითხრობს ქალის მცდელობაზე, შექმნას იდეალური ოჯახური ცხოვრება, მაშინ როდესაც ბობოქარი ემოციები საწინააღმდეგო მხარეს ექაჩებიან.

დედობა, ქალურობა, სიყვარულის ბანალურობა, ლტოლვა, ოჯახსა და ქმარზე დამოკიდებულება - ეს ყველაფერი ყოველდღიურობასთან ერთად მძიმე ტვირთად აწევს ახალგაზრდა ქალს და სიგიჟის ზღვარზე მის კიდევ უფრო ბნელ ფიქრებს აშიშვლებს.

მთარგმნელი: თამარ ლეჟავა
რედაქტორი: ელენე ბერიაშვილი

9. პროექტი როუზი – გრემ სიმსიონი

ავსტრალიელი დრამატურგისა და პროზაიკოსის, გრემ სიმსიონის წიგნის, პროექტი როუზის მთავარი პერსონაჟი 39 წლის მომხიბვლელი პროფესორი, გენეტიკოსი დონ ტილმანია, რომელსაც იმდენად ცოტა მეგობარი ჰყავს, მათი ჩამოთვლა ერთ ხელზე შეუძლია, სოციალურ ურთიერთობებში გამოჩენილი სირთულეები კი კიდევ უფრო აშორებს გარესამყაროსთან. ტილმანს სჯერა, რომ ყველა ადამიანი დაქორწინების მერე უფრო ბედნიერია და ამიტომ ახალ პროექტს იწყებს, რომლის შედეგადაც იდეალური ცოლი რამდენიმეგვერდიანი კითხვარის მეშვეობით უნდა იპოვოს.

ლაღი თხრობის სტილი, ტრაგიკომიკური ეპიზოდები და ნაწილობრივ დეტექტიური სიუჟეტი სწორედ ისაა, რაც სიმსიონის რომანს უსაშველოდ მომხიბლავს ხდის მკითხველისთვის.

მთარგმნელი: მზია ლაპიაშვილი
რედაქტორი: მარინა ყიფშიძე

10. ჩემი ბრძოლა – კარლ უვე კნაუსგორი

ნორვეგიელი მწერლის, კარლ უვე კნაუსგორის ექვსტომიანი ავტობიოგრაფიული რომანის - ჩემი ბრძოლის პირველი წიგნი სულ ახლახანს გამოიცა სერიაში "დიდი ოდისეა", რომელიც "ლიტერატურული ოდისეის" ერთგვარი გაგრძელებაა და დიდტანიან ნაწარმოებებს აერთიანებს.

რომანის მთავარი მოქმედი პირი თავად ავტორია, რომელიც თავისი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ და ხშირად ბანალურ ყოველდღიურობასა თუ ფიქრებს შეულამაზებლად მოგვითხრობს. პირველ წიგნს მწერალი სიკვდილის გამაოგნებელი აღწერით იწყებს, რის შემდეგაც დაუფარავად გვიყვება, თუ როგორ ცდილობს ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას, როგორ თმობს პირად ამბიციებს მწერლობის გამო. მისი თხრობა მგრძნობიარე და იმდენად გულწრფელია, რომ დროდადრო უხერხულობასაც კი ქმნის.

ჩემი ბრძოლა უკვე იქცა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილად, რომელიც უდიდეს აღტაცებასა და მძაფრ ემოციას იწვევს მკითხველში.

მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
რედაქტორი: მაკა სესკურია