დღეს, 24 მაისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე დისციპლინური საბჭოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სტუდენტები გამოკითხეს, მათ შორის ის გოგოც, რომელიც ლექტორ ომარ მახარაძეს შევიწროებაში ადანაშაულებს.

სხდომის შემდგომ კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტუდენტებმა მტკიცებულებები წარადგინეს:

"კომისიამ სტუდენტებისგან ძალიან მნისვნელოვანი ინფორმაცია მოისმინა. სტუდენტებმა წარმოადგინეს ის მტკიცებულებები, რომლებიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეორე მხარის მოსაზრებას, რომ მისი [ლექტორის] ფეისბუქი არის გატეხილი და სხვა სარგებლობს ამ ქსელით".

ომარ მახარაძე ახლა მივლინებით კიევშია გამგზავრებული. ანზორ ბოლქვაძის თქმით, მეორე მხარესთან გასაუბრების შემდეგ საქმეზე დასკვნა მალევე დაიდება.

გამოცემა ბათუმელებთან საუბრისას სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამავდროულად ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძეა.

მახარაძეს უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით უკვე შეუჩერა. გამოძიება თავდაპირველად იძულების მუხლით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლი გადააკვალიფიცირა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: