ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ სტუდენტი გოგო, რომელიც ლექტორს, ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უშვებს ფაქტს, რომ შესაძლოა, კაცს ტელეფონი გაუტეხეს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც აღმოჩნდა დეპუტატიც არის და შესაძლებელია, პოლიტიკური თავდასხმა იყოს", — განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა.

სტუდენტი გოგო დღეს, 24 მაისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური საბჭოს კომისიის წინაშე ახალ ადვოკატთან, ზაზა პაპიძესთან ერთად წარსდგა. აქამდე გოგოს ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისთან ასოციაცია იცავდა. რაც შეეხება საიასთან ურთიერთობის შეწყვეტას, პაპიძე ამბობს, რომ ეს კითხვა მის კლიენტს უნდა დაუსვან.

დისციპლინური საბჭოს კომისიის სხდომის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტუდენტი პრინციპულად აფიქსირებს იმ პოზიციას, რომელიც მედიასივრცეში იყო გავრცელებული.

გამოცემა ბათუმელებთან საუბრისას სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამავდროულად ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძეა.

მახარაძეს უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით უკვე შეუჩერა. გამოძიება თავდაპირველად იძულების მუხლით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლი გადააკვალიფიცირა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.