სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორის საქმეზე გამოძიებამ მუხლი დაამძიმა. შსს-ში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს. გამოძიება ამ დრომდე 150-ე, იძულების მუხლით იყო დაწყებული.

139-ე მუხლი კოდექსში განმარტებულია, როგორც პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა.

გამოცემა ბათუმელებთან საუბრისას სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამავდროულად ბათუმის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირიც არის. ის ასევე სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნების გავლენიანი წევრია ბათუმში.