ხვალიდან, 25 მაისიდან ჭიათურაში აქციის მონაწილე ქალები შიმშილობის დაწყებას აპირებენ. ისინი კომპანიისგან რეაგირების არქონას აპროტესტებენ.

"გვინდა სუფთა გარემო. ადამიანები მიწის ქვეშ შედიან და არ იციან, გამოვლენ თუ არა. ხვალიდან მეც ვუერთდები და გვერდით დავუდგები ქალებს, დავიწყებ შიმშილობას მანამ, სადამდეც შევძლებ", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე რუსთავი 2-თან საუბრისას.

დღეს, 24 მაისს ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელებთან ჩავიდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ომბუდსმენი მაღაროელთა შრომითი უფლებების, სამუშაო რეჟიმისა და საათების სამართლიანობის შესწავლას გეგმავს:

"12-საათიანი რეჟიმი ორი კვირის განმავლობაში ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობით დადგენილ ვადებს. მოვისმინე, რომ კვებითი უზრუნველყოფა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში".

ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებული მაღაროელები უკვე ერთი კვირაა შიმშილობას აგრძელებენ. აქციის მონაწილეებს კარავი აქვთ გაშლილი და დღეს, პროტესტის მერვე დღესაც, ისინი ხელფასის მატებასა და სამუშაო და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.