უკვე 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯთან, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის წარმომადგენლებს მისასვლელი გზა გაჰყავთ. ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.

ამ წუთებში რამდენიმე მოქალაქე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან არიან მისულები და აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პრემიერს მიმართეს, რათა მიიღოს ყველანაირი ზომა დავით გარეჯთან მიმდინარე გზის მშენებლობის შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, ითხოვენ 28 მაისს დაგეგმილი აქციის დროს პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად სახელმწიფომ ნაბიჯები გადადგას.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

23 მაისს ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც ასევე წერს, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაყავს. პარალელურად, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში. გუშინვე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ ინფორმაცია თავადაც მედიისგან გაიგო.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვრის დაცვის სამსახურმა, ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია დაიწყო. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეიზღუდა.