თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალურ პროკურატურას მოქალაქის სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

მოქალაქე ო.ც. 2015 წელს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ის დამნაშავედ ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლომ სცნო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ. 2017 წელს უზენაესმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის მოქალაქის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.