ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა. ის ამ თანამდებობას 7 ივნისიდან აღარ დაიკავებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა.

"აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ინტერესშია, ეს ძალისხმევა ახალმა პრემიერ-მინისტრმა გასწიოს. ვაცხადებ, რომ მე, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი, თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს. უკვე შევათანხმე ეს საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყოს", — თქვა ტერეზა მეიმ ბრიფინგზე.

მეის თქმით, კონსერვატიული პარტია განახლდება მომდევნო წელს და იქვე აღნიშნა, რომ მისი რწმენით, ბრექსიტი მაინც შედგება:

"კონსენსუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი ორივე მხარე წავა კომპრომისზე... მე ყველაფერი ვცადე, რომ პარლამენტარები დამერწმუნებინა შეთანხმებისთვის მხარი დაეჭირათ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მე ეს სამჯერ ვცადე".

"ჩვენი პოლიტიკა შეიძლება იყოს დაძაბული, მაგრამ იმდენად კარგია ქვეყნისთვის და იმდენად საამაყოა", — თქვა მეიმ.

სიტყვის წარმოთქმისას მეიმ ცრემლები ვერ შეიკავა და დასძინა: "მე დავტოვე თანამდებობა, რომელიც ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო, როგორც მეორე ქალ პრემიერს, მაგრამ არა უკანასკნელს. ამას უდიდესი მადლიერებით ვამბობ, რომ მემსახურა ქვეყნისთის, რომელიც მიყვარს".

ფოტო: Reuters

დაუსრულებელი ბრექსიტი

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა ევროკავშირიდან გასვლა 2016 წლის რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი. ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მას დატოვებს.

თავდაპირველად ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ევროკავშირმა გამოსვლის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. გარდა ამისა, პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაზე. ალტერნატიულ გეგმებში შედიოდა როგორც ახალი რეფერენდუმის ჩატარება, ისე ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება.