ქორეპისკოპოსმა იაკობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან განვითარებულ მოვლენებზე ამბობს რომ თავად ჩავა იქ და იმედოვნებს, გადაადგილების უფლებას არ შეუზღუდავენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა:

"ამ დღეებში მე ჩამოვალ და მე ავალ, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება... წყნარად უნდა ჩავიდეთ, ცივილიზებული ადამიანები ვართ. ხომ იცით, როგორ არის, როგორი ტერიტორიაა, ალიევიც აღიარებს, რომ ჩვენი ტერიტორიაა... მე ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რაღაც დააზიანოს. დროებით დაველოდოთ და ცივილიზებულს დაველოდოთ, თუ არა და, ჩვენ დამთმობი არ ვართ არაფრის".

23 მაისს ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც ასევე წერს, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაყავს. პარალელურად, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში. გუშინვე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ ინფორმაცია თავადაც მესიისგან გაიგო ამ ფაქტზე.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვრის დაცვის სამსახურმა, ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია დაიწყო. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადი შეიზღუდა.