კოსმოსური კოლონიებისთვის დიზაინის მომზადება მსოფლიოს მასშტაბით სახელგანთქმულ არქიტექტორთა საყვარელი პროექტი გახდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კონცეფციამ დაიმსახურა ნასას კოსმოსის მკვლევართა მოწონება.

ამ თვის დასაწყისში ნასამ 3D პრინტერით ასაგები საცხოვრისების კონკურსის გამარჯვებული გამოაცხადა. შეჯიბრში მონაწილეებს ისეთი მოდელის შექმნა ევალებოდათ, რომელშიც მარსზე მყოფ ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრება.

2015 წელს დაწყებული შეჯიბრი სამ ფაზად იყო დაყოფილი: დიზაინი, მასალა და მშენებლობა. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ორი გუნდი გავიდა - Al SpaceFactory და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მათ ოთხი დღის განმავლობაში ორიგინალი თავშესაფრის მესამედი ზომის მოდელის აგება დაევალათ.

გამარჯვებულ გუნდს, Al SpaceFactory-ს, $500,000-ის ოდენობის ჯილდო გადაეცა იმ დიზაინისთვის, რომელიც ვერტიკალური კაფსულაა და 30 საათში იბეჭდება. პროტოტიპი, სახელად მარშა, სულ მალე რეალური თავშესაფრის სახით აშენდება დედამიწაზე.

ნასას მიზანია, მარსზე საცხოვრისები ადამიანების ჩასვლამდე აშენდეს, ამიტომ გუნდებს ისეთი პროტოტიპები უნდა შეექმნათ, რომლებშიც სასიცოცხლო პირობები იქნებოდა უზრუნველყოფილი.

ფოტო: AI SpaceFactory

იდეალური პროტოტიპი, თვითმფრინავის მსგავსად, ერთდროულად გამძლე და მსუბუქიც უნდა ყოფილიყო.

კაფსულის ფანჯრებს მაცხოვრებლების მზის რადიაციისგან დაცვა შეუძლიათ.

ფოტო: AI SpaceFactor

მარშას ვერტიკალური კაფსულები დედამიწის ბუნებრივ განათებას იმიტირებენ და, ამასთან, გარეთ არსებული გარემოსთვის თვალის შევლების საშუალებასაც იძლევიან. მასში ასევე ჩაშენებულია ლიუკები, რომლებიც სკაფანდრებისა და მარსის სამკვლევარო როვერის შეპირაპირების პორტის შესანახადაა განკუთვნილი.

კაფსულაში ძილისა და მუშაობისთვისაცაა სივრცე გამოყოფილი.

ფოტო: AI SpaceFactory

კომპანია პროტოტიპს დედამიწის პატარა ბუშტს უწოდებს.

დიზაინში გათვლილია ბაღი, სამზარეულო და ვარჯიშისა და დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცე.

ფოტო: AI SpaceFactory

საცხოვრისის ექსტერიერი შედგება ორმაგი გარსისგან, რომელიც კაფსულის შიგნით მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს.

განათებული კიბეების საშუალებით მაცხოვრებლებს კაფსულის ნებისმიერ სიმაღლეზე მოხვედრა შეეძლებათ.

ფოტო: AI SpaceFactory

კონკურსის ფინალურ ეტაპზე მოდელი ცოცხალი აუდიტორიის წინაშე სულ რაღაც 30 საათში დაიბეჭდა.

ოთხნახევარი მეტრის სიმაღლის და სამშენებლო მასალის დაახლოებით 550 ფენის მქონე საცხოვრისის ასაშენებლად ინდუსტრიული რობოტი ამწეთი იყო აწეული.

ფოტო: AI SpaceFactory

კომპანიამ იმ მასალათაგან გამოიმუშავა საკუთარი ფორმულა, რომლებიც წითელ პლანეტაზე ბუნებრივად მოიპოვება. მასალა, იგივე მარსის პოლიმერი, შედგება მარსის შრეებიდან მოპოვებული ბაზალტის ბოჭკოებისგან და იმ მცენარეებისგან დამზადებული ბიოდეგრადირებული პლასტმასისგან, რომლებიც, თეორიულად, მარსზე აყვავებას შეძლებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფორმულას არ სჭირდება წყალი.

კაფსულის გარე გარსი ისეთი მასალისგან შედგება, რომელიც წითელ პლანეტაზე ბუნებრივად მოიპოვება.

ფოტო: AI SpaceFactory

პროტოტიპმა წარმატებით გაიარა ნასას ზეწოლის ტესტი, თუმცა პატარ-პატარა ნაწილები მაინც გასცვივდა.

პროტოტიპი წყლის გაჟონვაზე, გამძლეობასა და სიმძლავრეზე დატესტეს.

ფოტო: AI SpaceFactory

მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის სხვა მონაწილეებმა დაბალგუმბათიანი დიზაინების პროტოტიპები შეიმუშავეს, Al SpaceFactory-ს გუნდის აზრით, ვერტიკალური კაფსულის ფორმის ნაგებობა უფრო კარგად გაუმკლავდება მარსის ატმოსფერულ წნევას. ვერტიკალურად ბეჭვდის სპეციფიკის გამო კი კომპანიის ინდუსტრიული რობოტი, პლანეტის ზედაპირზე გადაადგილების ნაცვლად, ერთ ადგილზე შეიძლება იყოს დამაგრებული. კომპანია პროტოტიპისთვის გამოყენებული მასალების გადამუშავებას გეგმავს, რათა მსგავსი საცხოვრისი დედამიწის ზედაპირზე შექმნას.

დედამიწისთვის განკუთვნილი საცხოვრისის, იმავე ტერას, შესაქმნელად პროექტი უკვე სექტემბერში Indiegogo-ს საიტზე დაიწყება.

ფოტო: AI SpaceFactory

"ჩვენ ეს ტექნოლოგიები კოსმოსისთვის განვავითარეთ, მაგრამ ამ დიზაინებმა, შეიძლება, დედამიწაზე დამკვიდრებული შენების სტილიც შეცვალოს", - განაცხადა თავის მოხსენებაში კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ მალოტმა, - "ბუნებრივი, მცენარეებისგან მოპოვებული ბიოდეგრადირებადი მასალების გამოყენებით სამშენებლო ინდუსტრიის უზარმაზარი მოცულობის ნარჩენების თავიდან მოშორებაა შესაძლებელი".