თბილისში ორი ნაბიჯის გლდანის ფილიალის გაქურდვისა და მარკეტში ხანძრის გაჩენის საქმეზე 1993 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 23 მაისს, დილის ხუთ საათზე ბრალდებული ორ ნაბიჯში შევიდა, სხვადასხვა პროდუქტი და ალკოჰოლურ სასმელები მოიპარა, რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით მარკეტს ცეცხლი წაუკიდა.

პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე საათში თბილისში დააკავა, ხოლო პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღნიშნული ბრალდება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.