ოქსფორდის მკვლევარების გამოთვლებით, თუ ფეისბუქი მიმდინარე ტემპით განაგრძობს ზრდას, 2100 წლისთვის მის გვერდზე 4,9 მილიარდი გარდაცლვილი ადამიანის ანგარიში იქნება დარეგისტრირებული. გასული წლიდან მოყოლებული ერთი ახალი ანგარიშიც კი რომ აღარ შემატებოდა პლატფორმას, აღნიშნული დროისთვის ფეისბუქზე 1,4 მილიარდი მკვდარი წევრი იქნებოდა. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, უკვე 2070 წლისთვის არააქტიურ მოხმარებელთა რაოდენობა აქტიურებისას გადაასწრებდა.

თუმცა, ამ შემთხვევაში სიტყვა მომხმარებლის გამოყენება ალბათ არასწორია, რადგან გარდაცვლილი ადამიანები საიტს, რა თქმა უნდა, ვერაფრით მოიხმარენ. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათი მონაცემები არსად გაქრება. მკვლევარების თქმით, ის, თუ რა ბედი ეწევა ყველა გადაღებულ სელფის, ცხოვრებისეულ სიახლეს თუ მიღწეულ წარმატებაზე მოჩვენებითი თავმდაბლობით დაწერილ სტატუსს, ერთობ საჭირბოროტო საკითხია.

გაეროს მოსახლეობისა და ფეისბუქის Audience Insights-ის ფუნქციით ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზი ბევრ კითხვას წარმოშობს: "ვის ეკუთვნის ეს მონაცემები; როგორ უნდა იმართოს ეს მონცამები ისე, რომ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების და მეგობრების ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული და წარსულით დაინტერესებული მომავალი ისტორიკოსებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი," - ამბობს ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის წარმოამდგენელი, კარლ ომანი.

The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებულმა ტესტმა გამოავლინა, რომ ფეისბუქი ჩვენს ტელეფონებში ჩაწერილი სხვა აპლიკაციებიდანაც აგროვებს ინფორმაციას.

ფოტო: Karly Domb Sadof / AP

"კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არასოდეს გვქონია ადამიანთა ქცევისა და კულტურის თავმომყრელი ამხელა არქივი", - ამატებს კვლევის თანაავტორი, დევიდ უოტსონი, - "ამ მონაცემთა ბაზის გაკონტროლება რაღაც დონეზე ისტორიის გაკონტროლებასაც კი მოიაზრებს". უოტსონი ამ მონაცემების "ერთი არაკომერციული კომპანიისთვის" მინდობას ხიფათის შემცველად თვლის.

მართლაც, ცნობილია რომ ფეისბუქი, რომლის ლოზუნგიც ერთ დროს "იარე სწრაფად და აფუჭე ყველაფერი" იყო, მომხმარებლების მონაცემებს სათანადო პასუხისმგებლობით არ ეპყრობა ხოლმე - აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისია აგრძელებს კონფედიციალურობის საკითხების კვლევას; კანადის ხელისუფლება კომპანიას კანონის დარღვევაში სდებს ბრალს; 1,5 მილიონი მომხმარებლის იმეილი მათი თანხმობის გარეშე "უნებლიედ გასაჯაროვდა"; უკანასკნელი ცნობების თანახმად კი, უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ინსტაგრამის მილიონზე მეტ მომხმარებლსაც შეეხო.

ამ ეტაპისთვის ფეისბუქში გაწევრიანებულ პირებს შეუძლიათ, მემკვიდრე კონტაქტი აირჩიონ, რომელიც მათი გარდაცვალების შემდეგ ანგარიშის უმეტეს მონაცემზე მიიღებს წვდომას. ამის მერე პროფილს მემორიალის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს. მაგრამ თუ ადამიანი მემკვიდრე კონტაქტს არ მიუთითებს, გარდაცვალების მერე მის ანგარიშზე ახლობლებს წვდომა არ ექნებათ. ასეთ დროს კი მონაცემების ბედის საკითხი გაურკვეველი რჩება.

The Observer-თან დჩაწერილ ინტერვიუში ფსიქოლოგი ელეინ კასკეტი აცხადებს, რომ როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები მის მონაცემებზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ, ფეისბუქის პასუხი ასეთია ხოლმე: "დიდი სიხარულით დაგეხმარებოდით, მაგრამ ამ დროისთვის ეს შეუძლებელია". ამის მიზეზად ისინი იმას ასახელებენ, რომ კომპანია გარდაცვლილი ადამიანის კონფედიციალურობის (ტექნიკურად არარსებულ) უფლებას იცავს.

ფეისბუქის წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია ოქსფორდის მკვლევართა რამდენიმე დასკვნას არ ეთანხმება. მისივე თქმით, ისინი "დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ იმ უნიკალური როლის მიმართ, რასაც ადამიანთა ცხოვრებაში ასრულებენ" და "სერიოზულად ეკიდებიან ციფრული მემკვიდრეობის საკითხს". მან ასევე აღნიშნა, რომ საიტმა ახლახანს განაახლა მემკვიდრე პროფილებთან დაკავშირებული რამდენიმე ფუნქცია.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ოქსფორდის კვლევაში ნაჩვენები რიცხვები დიდი ცვლილებების საჭიროებას უსვამს ხაზს. იქნებ, დრო მოვიდა, რომ სოციალური მედიის ზედამხედველი ორგანო ავირჩიოთ? იქნებ, ანგარიშების პაროლების ანდერძში მითითება იყოს კარგი იდეა? ან, იქნებ, ჩვენს ინსტაგრამებს ისტორიული ჩანაწერის სტატუსი უნდა მივანიჭოთ - აბა, სხვანაირად, მომავალი ცივილიზაციები როგორ გაიგებენ, თუ რა მივირთვით საუზმეზე?

"ასეთი დიდი რაოდენობით დაგროვილ ინფორმაციასთან გასამკლავებლად ფეისბუქმა ისტორიკოსები, არქეოლოგები და ეთიკის სპეციალისტები უნდა დაიხმაროს", - ამბობს უოტსონი, - "ჩვენ დღესვე უნდა ვიპოვოთ საკითხის გადაჭრის ისეთი გზები, რომლებიც არა მხოლოდ ათწლეულების, არამედ, პოტენციურად, ასწლეულების განმავლობაშიც კი იმუშავებენ".