ამერიკაში, ვირჯინიის შტატის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დაიბარა, რომ გარდაცვალების შემდეგ, მისი სრულიად ჯანმრთელი ძაღლი დაეძინებინათ და მასთან ერთად დაემარხათ.

პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ემა ვირჯინიის ერთ-ერთ თავშესაფარში გადაიყვანეს, რომლის წარმომადგენლებიც ორი კვირის განმავლობაში ქალის ადვოკატებთან ცდილობდნენ მოლაპარაკებას, რათა მისი უცნაური სურვილი სისრულეში არ მოეყვანათ.

"ჩვენ მათ დარწმუნებას ვცდილობდით, რომ ძაღლისთვის სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა, რადგან მისთვის ახალი ოჯახის პოვნა პრობლემას არ წარმოადგენდა", — ამბობს ცხოველთა თავშესაფრის ერთ-ერთი თანამშრომელი, კერი ჯონსი.

ცხოველთა თავშესაფარი, სადაც ემამ ორი კვირა გაატარა

მიუხედავად ამდენი მცდელობისა, 22 მარტს ძაღლი თავშესაფრიდან წაიყვანეს, ადგილობრივ ვეტერინართან ევთანაზია, შემდეგ კი, კრემაცია გაუკეთეს. მისი ფერფლი კი ქალის ნეშტთან ერთად მოათავსეს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ვირჯინიის შტატში მიიღეს კანონი, რომელიც პატრონებს საშუალებას აძლევს, რომ მათი შინაური ცხოველები მათსავე საფლავზე დაკრძალონ. ამავე შტატის ლიცენზირებულ ვეტერინარს კი აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ ცხოველს ევთანაზია გაუკეთოს.

მიუხედავად ამისა, შტატის მასშტაბით, ვეტერინარი, რომელიც მორალური ბარიერის გადალახავს და ჯანმრთელი ცხოველის დაძინებას შეძლებს, რთული მოსაძებნია.