საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მას სჯერა, რომ საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, "რაც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ ეფექტურად ვიყოთ ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში".

პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართველი ერისთვის, სამედიცინო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ამავე დროს ორიენტირი მომავლისკენ.

"ერთის მხრივ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და მეორეს მხრივ, მოამარაგონ ჩვენი ეკონომიკა ისეთი პროფესიონალებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან წარმატებული სამედიცინო სფერო, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ საქართველო და ჩვენი მოქალაქეები, არამედ ის გახდება ხარისხის გარანტი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც", — განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული, საგანმანათლებლო კერის როლი.

"როდესაც ვსაუბრობთ სამედიცინო განათლებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ნოვატორულ მიდგომებს. ეს არის სფერო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ვითარდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არა თუ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს, არამედ ვიყოთ ყველაზე უფრო წარმატებულები და გაბედულები, როდესაც ვსაუბრობთ ნოვატორულ მიდგომებზე", — განაცხადა ბახტაძემ.