ჯორჯიან მანგანეზის აცხადებს, რომ გაფიცულ მაღაროელებს სასამართლოში უჩივლებს. კომპანიის ფინანსური დირექტორის განცხადებით, მაღაროელებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და საქართველოს კანონმდებლობა, რადგან მანგანეზს გაფიცვის შესახებ წინასწარ არ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, მისი თქმით, მაღაროელებმა კომპანიას არ მისცეს გონივრული ვადა წამოყენებული მოთხოვნების შესასრულებლად.

დირექტორი ამბობს, რომ გაფიცულების მოთხოვნა ხელფასის 50%-იანი ზრდის შესახებ "რეალობას მოკლებული და არაადეკვატურია". მისი თქმით, კომპანია მაღაროელებს 25%-იან ზრდას სთავაზობს, რაზეც ისინი თანახმა არ არიან.

ჭიათურაში მაღაროელები მე-7 დღეა არიან გაფიცულები. ხელფასის მატების გარდა, ისინი სამუშაო და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ სხვა პირობებს არ დათანხმდებიან და პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ.