საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა. როგორც ინტერფაქსი - უკრაინა წერს, შესაბამისი წერილი სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარა.

გამოცემის თქმით, წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს, რადგან კონსტიტუციით უკრაინის მოქალაქეს მოქალაქეობას ვერ ჩამოართმევ, ხოლო საერთაშორისო სამართლით, მოქალაქეობის გარეშე პირის დატოვება დაუშვებელია.

რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის დამოკიდებულებას, მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზული დიპლომატია, ხოლო თუკი მას უკრიანის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ის უნდა დაუბრუნდეს:

"მიხეილ სააკაშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს უკრაინისთვის, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის დემოკრატიის დაცვას ევროპაში. ამაზე მისი ყველა მოქმედება მეტყველებს. მე ვფიქრობ, ის სერიოზული დიპლომატი და მრჩეველია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი კანდიდატისთვის. ასეთი ადამიანის დახმარება საჭიროა".

ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა, როცა სააკაშვილი აშშ-ში იყო. ამავე წლის სექტემბერში სააკაშვილმა თავის მომხრეებთან ერთად პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, რა დროსაც პოლიციასთან არაერთი დაპირისპირება მოხდა. ლვოვის ოლქის სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთისთვის სააკაშვილი დამნაშავედ სცნო.

2018 წლის 12 თებერვალს სამართალდამცავებმა სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.