შინაგან საქმეთა სამინისტრო შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის საქმეზე აცხადებს, რომ არასათანადო რეაგირების გამო უფლებამოსილება შეუწყდა შსს-ს ერთ თანამშრომელს.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში შევიდა მათთან შეტყობინება არასრულწლოვნის სახლიდან წასვლის შესახებ. მათივე მტკიცებით, პოლიციამ გამოკითხა მოზარდი, თუმცა არასრულწლოვანმა არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის ოქტომბერში აცნობა შსს-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ, თუმცა გამოძიება არც მაშინ დაწყებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შესული შეტყობინება.

დღეს, 22 მაისს კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ჩვილის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 წლის დედა დააკავა. უწყებაში ამბობენ, რომ დედა დანაშაულს აღიარებს.