საბჭოთა კავშირისა და გეგმიური ეკონომიკის კრახის შემდეგ ამ სუბიექტში შემავალი თითქმის ყველა სახელმწიფო ნგრევამ, ეთნიკურმა კონფლიქტებმა და ქაოსმა მოიცვა. გამარჯვებული სოციალიზმის სამშობლო არსებობის ბოლო წლებში მძიმე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიდა. ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე კიდევ უფრო მას შემდეგ გაღრმავდა, რაც სსრკ-მ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა.

გამონაკლისი მხოლოდ ბალტიის ზღვისპირა სახელმწიფოები იყო. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სამოქალაქო კონსოლიდაციის ხარჯზე სწრაფი, ეფექტური, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარება შეძლეს, რითაც თავი დააღწიეს საყოველთაო სიღატაკესა და ქაოსს.

მშვიდობის ჯაჭვი, რომელშიც ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის ორ მილიონზე მეტი მოქალაქე ჩაერთო

ფოტო: Reuters

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების უმეტესობა, მძიმე ეკონომიკურ დეპრესიაში და განუკითხაობაში ჩაეფლო. საქართველო ამ კუთხით არათუ სსრკ-ს, არამედ მსოფლიოს ეკონომიკური ისტორიის რამდენიმე ანტირეკორდის მფლობელია.

1990 წლისთვის საქართველო საშუალოდ განვითარებული ქვეყანა იყო. არსებობდა განვითარებული ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის სექტორი. უმუშევრობა თითქმის სრულად იყო დაძლეული, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გააჩნდა ფინანსური დანაზოგი. საქართველოს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების შორის ეკონომიკური სიდიდით, მერვე ადგილს იკავებდა. მიუხედავად არც თუ ისე ცუდი მაჩვენებლებისა ეს ყველაფერი სსრკ-ს გეგმიურ ეკონომიკაში ხდებოდა, რაც მნიშვნელოვნად ცვლის სურათს. საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე იმ არაჯანსაღი ეკონომიკური მოცემულობიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარეობდა, რომელიც იმ დროისთვის უკვე სრულდებოდა.

ფოტო: data.worldbank.org

90-იანი წლების ეკონომიკური კრიზი საქართველოში მაშინ დაიწყო, როდესაც სსრკ თავის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 1989 წლისთვის საბჭოთა კავშირში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ქაოსი სუფევს. საკვები პროდუქტის დეფიციტი, რიგები, ეთნიკური კონფლიქტები, მუდმივი პოლიტიკური კრიზისი, საბჭოთა კავშირი სრულდება. სულ უფრო მეტი მოკავშირე რესპუბლიკა ითხოვს სსრკ-ს კონსტიტუციის მეთექვსმეტე მუხლით განსაზღვრულ უფლებას და მოსკოვისგან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ითხოვს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველად სწორედ, თბილისში 1989 წლის 9 აპრილს გაისმა. ამ წელს საქართველოს ეკონომიკა 7 პროცენტით შემცირდა.

9 აპრილის მსხვერპლთა გახსენება

ფოტო: საქართელოს ეროვნული ბიბლიოთეკა/ჯემალ კასრაძე

საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული მოძრაობა. პროტესტის სათავეში ყოფილი დისიდენტი და ფილოლოგი ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა. საბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე გამსახურდიას ბლოკმა, "მრგვალმა მაგიდამ" გაიმარჯვა. 1990 წელს საქართველოს ეკონომიკა 14 პროცენტით შემცირდა.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა/ჯემალ კასრაძე

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი, მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი — "ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა?" ამავე წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 26 დეკემბერს სსრკ-მ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა, თუმცა ამ დროისთვის საქართველოში უკვე სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.

1991 წლის 22 დეკემბერის, თბილი რუსთაველის გამზირი

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა/ჯემალ კასრაძე

22 დეკემბერს დაწყებული ომი თბილისში 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას მთავრობა დამხობილია, თუმცა სამოქალაქო დაპირისპირება დასავლეთ საქართველოში კიდევ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 1991 წელს საქართველოს ეკონომიკა 21 პროცენტით შემცირდა.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

1992 წლის 7 მარტს თბილისში ჩამოდის, სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, ის ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის და თენგიზ სიგუას გუნდს უერთდება. ამ დროისთვის დაპირისპირების კერები არსებობს ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტი ღვივდება აფხაზეთშიც. დროთა განმავლობაში საქართველო ორივე რეგიონზე დაკარგავს კონტროლს, 400 ათასამდე პირი კი დევნილად იქცევა. 1992 წელს საქართველოს ეკონომიკა რეკორდული 44 პროცენტით შემცირდა.

მსგავს ვითარებაში წარმოუდგენელი იყო ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარება. გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე საქართველოში საკვებისა და ელექტროენერგიის დეფიციტთან ერთად ცოდნის დეფიციტიც გამოვლინდა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქვეყანა, საკუთარი ნაივური წარმოდგენების, უუნარობისა და უცოდინრობის მსხვერპლი აღმოჩნდა. საქართველოში ვერ განხორციელდა ვერც შოკური თერაპია და ვერც თანმმივდერული (გრადუალური) ცვლილებები. 1993 წელს საქართველოს ეკონომიკა 29 პროცენტით შემცირდა.

1989 წლიდან 1994 წლის ჩათვლით წლიურად ეკონომიკა საშუალოდ 20 პროცენტით მცირდებოდა. 1994 წლის მიწურულს საქართველო ოდნავ უფრო მდიდარი იყო, ვიდრე დღევანდელი კონგო (მშპ — 439$) და მოზამბიკი (მშპ — 415$). ამავდროულად, საქართველო უფრო ღარიბი იყო, ვიდრე დღევანდელი უგანდა, ტაჯიკეთი, იემენი, ჰაიტი, ეთიოპია, ტანზანია, ყირგიზეთი და უზბეკეთი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 3 წლის შემდეგ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო იყო.

დროის მოკლე პერიოდში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებლებით, საქართველო მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი რეკორდსმენია. 1990 წლიდან 1995 წლამდე საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 68 პროცენტით შემცირდა.

ფოტო: IMF, Reinhart and Rogoff

90-იანი წლების საქართველოში გამეფებულ განუკითხაობასა და უკანონობას რუსეთის ეკონომიკური ზეწოლა ემატებოდა. რუსეთის ინიციატივით შექმნილ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე უარის გამო რუსეთმა შეამცირა და 1993 წელს საერთოდაც შეწყვიტა საქართველოსთვის კუთვნილი მანეთების გაცემა. საბოლოოდ, ეროვნული ბანკის საცავებში მხოლოდ დახეული, უვარგისი ფული და ხუთკაპიკიანები დარჩა. საჭირო იყო ახალი ფულადი ერთეულის შემოღება.

ეროვნული ვალუტის შემოღებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს დაიწყო. თემა აქტუალური იყო შემდეგ წლებშიც, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ეროვნული ვალუტის დაბეჭდვა და შემოღება ვერ მოხერხდა. თავიდან დაგეგმილი იყო ქართული ფულადი ერთეულის, ქართული მანეთის შემოღება. გადატრიალების შემდეგ ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქართულ ფულის პროექტზე მუშაობა გაგრძელდა და მას ლარი ეწოდა.

500 ლარის ნომინალის ბანკნოტი, რომელიც მიმოქცევაში არ იქნა ჩაშვებული

ფოტო: ეროვნული ბანკი

1993 წლისთვის საქართველოს ფინანსური საცავები სრულად დაცარიელდა. ამ პერიოდში ხელისუფლება ეროვნული ვალუტის შემოღების თაობაზე მსჯელობდა. მიხეილ ჯიბუტი, რომელიც მაშინ მთავრობის ეკონომიკური მრჩეველის პოსტს იკავებდა, იხსენებს ერთ-ერთ შეხვედრას, რომელზეც ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები ხელისუფლებას იაფფასიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტის სახით დაუჭედავდა ფულს და სხვადასხვა დოკუმენტებს. ეს შეთავაზება ქართული მხარისთვის ხელსაყრელი იყო, თუმცა კეთილი ნების გამოსახატად ბრიტანულმა კომპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თენგიზ სიგუას 200 ათასი დოლარი გადარიცხვა სთხოვა. ამაზე პრემიერმა დაუფიქრებლად უპასუხა, რომ საქართველოს ამის საშუალება არ ქონდა.

გადაწყდა გარდამავალი ფულადი ერთეულის ე.წ. კუპონის შემოღება. გეგმის მიხედვით კუპონი უნდა გამხდარიყო გარდამავალი ვალუტა, სანამ მიმოქცევაში ლარი შემოვიდოდა. კუპონი მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და ფასების სტაბილიზაციისთვის დაიბეჭდა.

აქ კიდევ ერთხელ იჩინა თავი მაშინდელი საქართველოსთვის დამახასიათებელმა, არაკომპეტენტურობამ და არაკეთილსინდისიერებამ. ეროვნულმა ბანკმა ფულადი მასის კონტროლის მაგივრად, ამ ფულის ფორსირებული ბეჭდვა დაიწყო. ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს პირდაპირ ეროვნული ბანკიდან გამოჰქონდათ კრედიტი, იმავე დღეს ყიდულობდნენ ამერიკულ დოლარს და შემდეგ ელოდნენ კუპონის გაუფასურებას. შედეგად მსესხებლები ეროვნულ ბანკს უკვე გაუფასურებულ, ქაღალდადქცეულ ვალუტას უბრუნებდნენ.

ასე გამოიყურებოდა, ქართული გარდამავალი ვალუტა კუპონის 20 ათასიანი ბანკნოტი

ფოტო: ეროვნული ბანკ

ფულის მასის უკონტროლობამ კუპონი სრულიად გააუფასურა, ქვეყანაში ოთხნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა. კუპონის კრახის შემდეგ დაკითხვაზე დაიბარეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დემურ დვალიშვილი. სამართალდამცავების კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია სახელმწიფოს მევალეების შესახებ, დვალიშვილმა განაცხადა, რომ მევალეების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მის სამუშაო რვეულში ინახებოდა. გამოძიების ვერსიით, დაკითხვიდან გამოსულმა დვალიშვილმა, სიცოცხლე მილიციის განყოფილების დერეფანში თვითმკვლელობით დაასრულა.

1995 წელს 650 ტონა ქართული ფულით დატვირთული გემი ფოთის პორტში შემოვიდა. ამავე წლის ორი ოქტომბრიდან საქართველოს ოფიციალური ვალუტა ქართული ლარი მიმოქცევაში ჩაეშვა და ორწლიანი შესვენების შემდეგ პირველად დამტკიცდა ბიუჯეტი.

ამ პერიოდიდან საქართველოში ე.წ. სტაბილიზაციის პერიოდი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო კონფლიქტები შეწყდა, ქვეყანაში არ არსებობდა სახელმწიფო ინსტიტუტები, კრიმინალი და კორუფცია ქვეყნის ცხოვრების წესად იქცა. ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული შოკიდან, როდესაც აზიის ფინანსური კრიზისი დაიწყო. აზიურ ბაზრებზე განვითარებული მოვლენების შედეგად რუსეთმა, საქართველოს მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა დეფოლტი გამოაცხადა. ამ ყოველივემ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობას.

რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა მსოფლიოს ბანკის კვლევა, რომლის მიხედვითაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპით საქართველო მერვე ადგილს იკავებს. 1990-1994 წლებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარება მრავალი წლით შეაფერხა. რომ არა ის ეკონომიკური შოკი, რაც ქვეყანამ 90-იანი წლების პირველ ნახევარში განიცადა, დღეს საქართველო ცხოვრების დონით, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იქნებოდა.

საინტერესო ფაქტები საქართველოს 90-იანი წლების ეკონომიკიდან

  • 1991-1994 წლებში რეგულირებადი სამომხმარებლო ფასები საქართველოში 68-ჯერ გაიზარდა;
  • 100-ჯერ გაიზარდა პურის ფასი;
  • 1992 წელს საქართველოში დაწესდა ტარიფები, იმპორტზე — 2 პროცენტი, ექსპორტზე — 8 პროცენტი;
  • 1992 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო სუბსიდიების წილი 30 პროცენტს უტოლდებოდა;
  • 1995 წლისთვის მინიმალური ხელფასი — 2,69 დოლარი იყო, მაქსიმალური — 12,69 დოლარი (1994 წლის 10 ცენტის მიმართებით დოლართან);
  • 90-იანი წლების პირველ ნახევარში არსებობდა პროგრესული საშემოსავლო საგადასახადო სისტემა არსებობდა;
  • სავალუტო ფონდში გაწევრიანებისთვის საჭირო მილიონი დოლარი საქართველომ ნიდერლანდებისგან სესხის სახით მიიღო, მოგვიანებით ეს დავალიანება საქართველოს ჩამოაწერეს.