ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყვარელში ზაფხულში იგეგმება ახალგაზრდული სკოლის გახსნა, სადაც ერთ-ერთ საკითხად ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე ისაუბრებენ. მის შესახებ მან ფეისბუქმიმართვის დროს ისაუბრა.

"ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ ჭაობიდან საქართველო [ბიძინა] ივანიშვილის მოშორების შემდეგ და, რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ".

მისივე თქმით, თითოეულ აპლიკანტს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებენ და ვერავინ ვერ შეძლებს "გაძრომას".

"ეს ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად, შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციებს წასაკითხად, კულტურულ მოღვაწეებს, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა", — აღნიშნა სააკაშვილმა.