შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მოსკოვში გასტროლებზე მიდის. თეატრის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ დასი სპექტაკლს "ვანო და ნიკო" მოსსოვეტის სახელობის თეატრში 8 და 9 ივნისს წარადგენს.

მათივე ინფორმაციით, სპექტაკლის ჩვენება ჩეხოვის სახელობის მე-14 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში შედგება. პიესის ავტორი და რეჟისორი რობერტ სტურუაა.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართული კულტურის სფეროს წარმომადგენლები გასტროლით მოსკოვში მიდიან. მსგავსს შემთხვევას ყოველთვის თან ახლავს საზოგადოების მწვავე კრიტიკა და რეაქცია. რუსეთში კონცერტის გამართვისთვის გააკრიტიკეს ქართული ცეკვის ანსამბლი ერისიონიც. ამ კონცერტთან დაკავშირებით ინტერნეტით მოქალაქეების პეტიციაც გავრცელდა, რომლებიც ერისიონისთვის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსისა და დაფინანსების მოხსნას ითხოვდნენ.