მეცნიერებმა იპოვეს გზა, რომელიც თინეიჯერებში სმარტფონებისა და ტაბლეტის ლურჯ ნათებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაჭრის.

ახალი კვლევის ავტორებს სურდათ გაერკვიათ, გააუმჯობესებდა თუ არა თინეიჯერების ძილის ხარისხსა და კონცენტრაციას ერთი კონკრეტული ქცევის შეცვლა: დაწოლის წინ სმარტფონებისა და ტაბლეტების გამოყენებაზე მათ უარი უნდა ეთქვათ.

ტექნოლოგიების ლურჯი შუქი არამხოლოდ სიბრმავის ჩამოყალიბებას აჩქარებს, ის ასევე უარყოფითად მოქმედებს სხეულის 24-საათიან ბიოლოგიურ საათზე. ლურჯი გამოსხივება საშუალებას არ აძლევს ტვინს იმის გადაწყვეტაში, რომ ძილი აუცილებელია და ორგანიზმში ძილის ჰორმონის, მელატონინის გამომუშავებას აფერხებს.

მკვლევარებმა სმარტფონების მომხმარებელი თინეიჯერების 55-კაციანი გუნდი შეარჩიეს. 12-დან 17 წლამდე მოზარდებს შორის სამი კატეგორია იყო:

  • ისინი, ვისაც ეკრანთან კონტაქტი გადაბმულად ჰქონდათ;
  • ისინი, ვინც ტექნოლოგიებს 4 საათის განმავლობაში იყენებდნენ;
  • ისინი, ვინც მათ დღის განმავლობაში იშვიათად მოიხმარდნენ, კონკრეტულად კი 1 საათით.

პირველი ორი კატეგორიის თინეიჯერებს, სთხოვეს, რომ შემდეგი სამიდან ერთ-ერთი აერჩიათ და ერთ-კვირიანი გამოშვებით აღნიშნული სტილით გაეგრძელებინათ ცხოვრება:

  1. ერთ-ერთ კვირას ისინი ტექნოლოგიებს ძველებურად იყენებდნენ;
  2. შემდეგ კვირას ლურჯი გამოსხივების საწინააღმდეგო სათვალეს ატარებდნენ;
  3. მომავალი შვიდი დღე კი, საერთოდ არ ჰქონოდათ ეკრანებთან შეხება.

ტექნოლოგიების იშვიათი მომხმარებლები კვლევაში საკონტროლო ჯგუფის წევრები იყვნენ. უცნობია, მონაწილეები დღის რომელ ნაწილში იკეთებდნენ სათვალეებს.

კვლევის დაწყებამდე, ის თინეიჯერები, რომლებიც დიდი სიხშირით იყენებდნენ სმარტფონებს, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, საშუალოდ 30 წუთით გვიან იძინებდნენ, შუა ღამით იღვიძებდნენ და ისინი დღის სხვადასხვა მომენტებში დაღლილობას განიცდიდნენ.

კვლევის ფარგლებში, მონაწილეები ძილის დროის განრიგს აწარმოებდნენ, ასევე ატარებდნენ მოწყობილობებს, რომლებიც განსაზღვრავდა მათი აქტივობებისა და დასვენების დროებს. თითოეული კვირის ბოლო დღეს კი, მეცნიერებთან ნერწყვის ნიმუშებს აბარებდნენ. მისი საშუალებით, მკვლევრები მათში ძილის ჰორმონის, მელატონინის ხარისხის შემოწმებას ახერხებდნენ.

კვლევის დასასრულს გაირკვა, რომ თინეიჯერები ტექნოლოგიების ნაკლები სიხშირით გამოყენების შემდეგ, დილით 20 წუთით ადრე იღვიძებდნენ და ძილის ნაკლებობის სიმპტომები ნაკლებად აწუხებდათ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი დამცავი სათვალეების გამოყენება და ის მონაცვლეობითი კვირები იყო, რომლის დროსაც მოზარდები სმარტფონებს ნაკლებად მოიხმარდნენ. თავის მხრივ, ეს ორივე გამოცდილება ლურჯ ნათებას მელატონინის გამოყოფის შეფერხების შანსს არ აძლევდა და მოზარდებში უმჯობესდებოდა როგორც ძილის ხარისხი, ისე ენერგიულობა დღის განმავლობაში. მკვლევარებს ახლა იმის გარკვევა სურთ, შეიძლება თუ არა ამ შედეგების გადატანა მოზრდილებზე.

კვლევა მათ საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამართულ ენდოკრინოლოგთა ევროპული საზოგადოების შეხვედრაზე 2019 წლის მაისში წარადგინეს.

თინეიჯერების ქცევებზე ისაუბრეს რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეშიც.