ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა. ინფორმაცია On.ge-ს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება ლექტორთან შეთანხმებით მიიღეს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხის უნივერსიტეტის ეთიკური საბჭო შეისწავლის.

სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში გამოცემა ბათუმელებთან დაადანაშაულა. გამოცემის ცნობით, სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს.

"ლექტორი სტუდენტისგან ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა "თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ", — წერს ბათუმელები.

ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ "მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც. ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს".

ბათუმელების ცნობით, სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამავდროულად ბათუმის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირიც არის. ის ასევე სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნების გავლენიანი წევრია ბათუმში. თუმცა, როგორც ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში ამბობს, ეს მას, როგორც უნივერსიტეტის რექტორს, ხელს არ შეუშლის სასამართლოს მიერ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს. ის ბრალდებას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.